ნანახია: 113
"პროფკავშირებზე კანონში არაფერი წერია"… სიამაყით აცხადებს მიშა თავხელიძე
დიდი ინტერესით გავეცანი თქვენს სტატიას სათაურით `ევროპროფკავშირი ამას ქვია ხომ გითხარით~. თავად იურისტი გახლავართ და, ბუნებრივია, საინტერესოა ყველა ის წერილობითი ნარკვევი, რომელიც სამართალმცოდნეობასთან არის დაკავშირებული. სტატიის შინაარსიდან გამომდინარე ჩანს, რომ იურისტი არ ბრძანდებით, ვინაიდან საოცრად ზედაპირულად, არასრულყოფილად, არაპროფესიულად მსჯელობთ შრომის სამართლებრივ საკითხებზე! თუმცა, ეს რა გასაკვირია, ჩვენ ხომ საქართველოს მოქალაქეები ვართ და აქ პრინციპი - "პური მეპურემ გამოაცხოს", ჯერჯერობით, უცხო ხილია. ასე რომ, თქვენი მოსაზრებები კაცმა რომ თქვას, დიდად არც გამკვირვებია, პირიქით, თქვენმა სტატიამ ჯერ ღიმილი მომგვარა, შემდეგ კი შემეცოდეთ, ძალიან შემეცოდეთ. სირაქლემას პოზიციაში ხართ და იმიტომ. თქვენ შავზე ამბობთ, რომ არის თეთრი და თან გვარწმუნებთ, რომ ეს აუცილებლად უნდა ვირწმუნოთ!
მოდით, სათითაოდ გავეცნოთ თქვენს იდეებს:
1. "ტაბულას" ერთ-ერთ წინა ნომერში დავწერე, რომ რუსეთს არაფერი უნდა, გარდა საქართველოში სოციალიზმისა-მეთქი და აი, თვით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამიდასტურა: "კი, მიშა, მართალი ხარო"
რუსეთს უნდა თუ არა, ჩემს სამშობლოში სოციალისტური წყობილება, არ ვიცი და მართალი რომ გითხრათ, დიდად არც მაინტერესებს, რუსეთს საქართველოში რა უნდა. ეს ქართველების და საქართველოს მოქალაქეების საქმეა, როგორი იქნება საქართველო, მაგრამ სოციალიზმს რატომ უყურებთ ასე "აგდებით". ავიღოთ შვედეთის სამეფო, რომელიც სოციალურად თანასწორთა სახელმწიფოა. იქ სოციალიზმია, მაგრამ ნეტავ საქართველო განვითარების დონით ახლოს იყოს მასთან!
ატონო მიშა, მედალს ორი მხარე რომ აქვს, ნამდვილად მეგონა, რომ აქამდე იცოდით!
2. "სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ (მადლობა მას) მოსკოვში განაცხადა, რომ საქართველოში, თურმე, პროფკავშირების უფლებები და შრომის საერთაშორისო ნორმები ირღვევაო…… საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ცვლილებებს არც კი აპირებსო"
საქართველოში დასაქმებულთა შრომის უფლებები რომ ირღვევა, ეს არ ახალია, ძველია და არც ნესტერენკო იყო პირველი, ვინც ამის შესახებ ისაუბრა, უბრალოდ, თქვენ, ალბათ, უფრო იმიტომ აკეთებთ მის ნათქვამზე კომენტარს, რომ ის რუსია და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოზიციას და აბა, თქვენ რა გულანთებული ქართველი იქნებოდით, თუ მის ნათქვამს არ გააკრიტიკებდით. ჩემი აზრით, რუსმა რა სიმართლეც არ უნდა თქვას, თქვენ მას აუცილებლად გააკრიტიკებთ, მხოლოდ ერთი მიზეზით: `რუსმა თქვა და იმიტომ~.
3. თქვენ ამბობთ: "დღეს საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში".... "დღეს კონტრაქტი კანონზე მაღლაა"….. …. "პროფკავშირებზე კანონში არაფერი წერია" ... მოდით, სამართლებრივი თვალსაზრისით შევაფასოთ თქვენი თითოეული პოზიცია: პირველობა, რა თქმა უნდა, ლიბერალიზმს ეკუთვნის (ლიბერალ (აუცჰ Pოლიტიკ), აუფგესცჰლოსსენ; გროწზტგიგ; რეიცჰლიცჰ;) სასურველია, გაეცნოთ საქართველოს შრომის კოდექსი მე-5 მუხლის მე-8 პუნქტს: "დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ". ბატონო მიშა, ხომ ვერ ამიხსნიდით, რატომ? რა თქმა უნდა, დამსაქმებელს ვერავინ დაავალდებულებს დასაქმებას, მაგრამ განა რაიმე დაშავდებოდა, კანონმდებელს დასაბუთება რომ დაევალდებულებინა დამსაქმებლისთვის, ვინაიდან ამ დებულებით, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბოროტად სარგებლობენ დამსაქმებლები და აცხადებენ კონკურსებს ფორმალურად. პასუხს არავინ სთხოვს და რატომ დაივალდებულებენ თავს, მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილება. თან თუ თქვენ დაგიჯერებთ, ლიბერალიზმის დროა და ეს იდეა პირველ რიგში ხომ თანასწორობას და თანაბარ უფლებებს გულისხმობს?
მოდით, გავეცნოთ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს: "2. დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას ან/და თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია".
ჩვენ ხომ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ლიბერალური შრომის კოდექსი გვაქვს! რატომ მიკრძალავს კანონი შეთავსებით მუშაობას (კონკურენტებზე არ ვსაუბრობ), დასაქმებული როდესაც ჯეროვნად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. იგი რას მოიმოქმედებს სამსახურის გარეთ, რატომ უნდა განსაჯოს დამსაქმებელმა???!!! ეს პრინციპი არსებობს საჯარო სამსახურში და რატომ არის გადმოტანილი კერძო სფეროში, ვერ ვხვდები. იქნებ, თქვენ ამიხსნათ, თუ არ შეწუხდებით! საკითხი ასე დგას, ასე სურს დამსაქმებელს და დამთავრდა საუბარი!
გავეცნოთ IV თავს: სამუშაო, შესვენების და დასვენების დრო
ამ თავს ყურადღებით თუ გაეცნობით, მიხვდებით, რომ დასვენების დროსთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც კი არა აქვს ნათქვამი კოდექსს, ეტყობა დასაქმებულებს დასვენება არ სჭირდებათ, ეს კი, რა თქმა უნდა, ლიბერალიზმი და მხოლოდ და მხოლოდ ლიბერალიზმია! რა საჭიროა ეს დებულება. ეტყობა, რუსების მოგონილია და ქართველები, რა თქმა უნდა, არ გამოვიყენებთ! (იტყვით ალბათ)
გავეცნოთ 21-ე მუხლს: შვებულების ხანგრძლივობა
1.დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღით. 2.დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღით. 3.შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.
ესეც დიდებული შვებულება!
საქართველოში კონტრაქტი ხომ კანონზე მაღლაა. რა საჭიროა კანონით დარეგულირდეს ეს საკითხი. ნეტავ, ვისი ნათქვამია - "დასაქმებულებს სჭირდებათ კანონით დაცვა დამსაქმებელთ თვითნებობისგან" (ალბათ, რუსებმა თქვეს). ბატონო მიშა, ამაშია მთელი უბედურება, როდესაც დამსაქმებლის სურვილები დგას კანონზე მაღლა. სამწუხაროდ, საქართველოში ცოტაა სამუშაო ადგილები. ეს დამსაქმებლებს თვითნებობის საშუალებებს აძლევს. კანონიც მის მხარეზეა და რატომაც არა! თუ დამსაქმებელმა გააუარესა შვებულების პირობები, რა ვქნათ, მუშაობას დავანებოთ თავი? ეს სიმწრით მოპოვებული სამსახური რაღაც შვებულებაზე როგორ გავცვალო, რაში მჭირდება, კონტრაქტი ხომ კანონზე მაღლაა. შვებულება კი ვიღაც რუსების მოგონილია, ქართველებს არ გვჭირდება ეტყობა.
ახლა გავეცნოთ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტს: "დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი", ვთქვათ, დასაქმებულის ხელფასია 1500 ლარი ქეშად, 0.07%= 1.05 ლარს ასეთი ხელფასი არ აქვს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს (პედაგოგები, რიგითი პოლიციელები, სპეციალისტები და ა.შ.) დაყოვნების გადასახადი რატომ არის ასეთი მცირე, იქნებ ამიხსნათ? რა, მეტი არ ღირს დასაქმებულის სამუშაო? სხვათა შორის, დასავლეთ ევროპაში გაცილებით მეტია, რუსეთის ფედერაციაზე არაფერს ვამბობ, სამწუხაროა, მათი ჭკუის დასარიგებლები რომ გავხდით ქართველები.
ყველაზე გენიალური იდეა: "პროფკავშირებზე კანონში არაფერი წერია"……..……
ეს მართლაც გამორჩეულია. საქართველოს შრომის კოდექსი ერთადერთია, რომელშიც ერთი სიტყვაც კი არ არის ნახსენები პროფესიულ კავშირებზე (აქ ვგულისხმობ განვითარებულ დასავლურ სახელმწიფოებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ა.შ.შ.-ს. მოკლედ ცივილიზებულ სამყაროს) შეიძლება პროფკავშირები ნახსენები არ ჰქონდეთ ეროვნულ შრომის კოდექსში ზიმბაბვევს, ჯიბუტს, ირანს, ნიკარაგუას, სირიას, მონღოლეთს, ავღანეთს ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სახელმწიფოებს). ბატონო მიშა, სად ხედავთ საქართველოს ადგილს განვითარებული დასავლური სახელმწიფოების გვერდით თუ . . ?
თქვენ ამბობთ, რომ "არსად წერია, რომ დამქირავებელი ვალდებულია ამ პროფკავშირების აზრი გაითვალისწინოს, სწორედ ეს არის, რაც გაეროს ფილიალსა და რუსეთს აღიზიანებს". ასევე ამბობთ, რომ შეიძლება საქართველოში რუსეთის წაქეზებით, სოციალური დაძაბულობა გაღვივდესო, სავსებით გეთანხმებით, მაგრამ არ ჯობია, არ მივცეთ ამის საფუძველი რუსებს და მივიღოთ თანამედროვე ღირებულებებთან შესაბამისი შრომის კოდექსი?! თქვენი ნათქვამი ყოველგვარ ლოგიკურ, ადამიანურ, მართებულ, გონიერ, აზრს მოკლებულია. ეს მარაზმია! თქვენ თუ დაგიჯერებთ, რუსეთი ბრაზდება საქართველოში პროფკავშირები რატომ არ არისო, რატომ არ არის დაცული საქართველოში დასაქმებულთა უფლებებიო, ქართველებს კარგი სამუშაო პირობები რატომ არ აქვთო, პუტინს და მედვედევს ღამე აღარ ძინავთ ჩვენი ცოდვით, თქვენ თუ მოგისმენთ. ეტყობა ისინი (პროფკავშირები) რუსების აგენტები არიან, ნეტავ, რა ეშველება რუსეთს, აგენტურა დაკარგეს ბატონი მიშას წყალობით!!!! ეს არის მცირედი ამონარიდი საქართველოს შრომის კოდექსიდან. თუ სურვილი გექნებათ, დანარჩენს შემდგომში განგიმარტავთ. გისურვებთ, რომ წეროთ იმ საკითხების შესახებ, რაშიც პროფესიულად განვითარებული და კომპეტენტური ბრძანდებით.
პ.ს. საქართველოს კანონი "ნორმატიული აქტების შესახებ" გვაძლევს კოდექსის განმარტებას. კერძოდ, აღნიშნული კანონის თანახმად: "კოდექსი არის განსაზღვრული (ერთგვაროვანი) საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული ნორმატიული აქტი. თქვენი აზრით, შეიძლება კოდექსი ეწოდოს იმ კანონს, რომლის შინაარსიც მხოლოდ 56 მუხლისგან შედგება?! 56 მუხლია საკმარისი შრომითი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად? აბა, დაფიქრდით კარგად!
ლაშა ქურდაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ბაკალავრი
|