ნანახია: 92
ხელისუფლება კონსტიტუციით კერძო საკუთრების ხელყოფას აკანონებს
დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებისა და კერძო საკუთრების დაცვის გარანტი კონსტიტუცია და ხელისუფლებაა, თუმცა ჩვენში ხელისუფლება კანონებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებს და ადამიანებში გაჩენილი უსამართლობის განცდა, კიდევ უფრო მეტი პროტესტის საფუძველი ხდება. ვიდრე ძალა აღმართს ხნავს, ჩვენს სინამდვილეშიც, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, არც თბილისში და არც საქართველოს რომელიმე მხარეში საკუთრების ხელყოფის საუკეთესო მაგალითები გვეხილა. დღემდე ყველაზე თვალსაჩინო შედეგი ხომ დედაქალაქში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინის ნგრევის კადრებია, მაგრამ როგორც ჩანს, მავანნი ამ კუთხით შეჩერებას არ აპირებენ. საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც მალე განახლებული სახით ამოქმედდება, კერძო საკუთრების დაცვის აქამდე მოქმედი 21-ე მუხლი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. უკვე "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით დადგენილი გადაუდებული აუცილებლობისას, წინასწარი და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებელისგან", – ამბობს აღნიშნული მუხლის ახალი რედაქცია. სამართლებრივი პრეზუმციით, სახელმწიფო აუცილებელი საჭიროების დროს, მართალია, სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით, შეზღუდოს ბუნებითი უფლებები, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებებში სახელმწიფოს აკრძალვას საკუთარი ახსნა, დასაბუთება და ყველა იმ პროცედურის განუხრელად დაცვა ახასიათებს, რომელიც ადამიანებში სამართლიანობის განცდას ტოვებს, თუმცა ქართული სახელმწიფოს ქმედება ექსპროპრიაციის პროცესში მთლიანად უგულვებელყოფს კონსტიტუციურ ჩანაწერებს. ამის ნათელი მაგალითი მთავრობასა და მოსახლეობას შორის აჭარაში თითქმის ერთი წლის მანძილზე მიმდინარე დაძაბული ვითარებაა. აჭარაში, ადლიის ტერიტორიაზე, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულება ძალის გამოყენებით დაიწყო. ბათუმის მერიამ ადლიაში მცხოვრებ კაკო ნინიძის სახლის მესერი მძიმე ტექნიკით მოანგრია, ისე რომ მესაკუთრეს ამის შესახებ გაფრთხილება არ მიუღია. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მესაკუთრე სახელმწიფოს ქმედების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. შესაბამისად, დარღვეულ იქნა მისი უფლებები. კაკო ნინიძის თქმით, მას სახლისა და მიწის ნაკვეთის მფლობელობაზე ყველა სამართლებრივი დოკუმენტი მოწესრიგებული აქვს და თავის საკუთრებას არავის დაუთმობს. "მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოვიდნენ და იმ მიწის მითვისება მოინდომეს, სადაც ჩემი ოჯახის წევრები სამი საუკუნეა ცხოვრობენ", - ამბობს კაკო ნინიძე ადგილობრივ ადჯარანეწს.გე-სთან საუბარში, თუმცა ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის გელა მახარაძის განცხადებით, ნინიძეს ტერიტორია ექსპროპრიაციის კანონით ჩამოერთვა და ახლა ეს ადგილი სახელმწიფოს ეკუთვნის. "ჩვენ ნგრევა სახელმწიფოს საკუთრებაში განვახორციელეთ. მე კანონის მოთხოვნას ვასრულებ. მეპატრონეს, სახელმწიფო საჭიროებისთვის, ექსპროპრიაციის კანონით ჩამოერთვა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ამჟამად ეს ტერიტორია მერიის ბალანსზეა", – განაცხადა გელა მახარაძემ. ფაქტით გაღიაზიანებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მძიმე ტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცა. აჭარაში ადგილობრივ მოსახლეობასა და ადგილობრივ მთავრობას შორის უთანხმოება გუშინდელი ამბავი არ არის. ბოლო პერიოდში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის გაგრძელების მოტივით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტმა დაიწყო ადლიის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთების და რამდენიმე შემთხვევაში შენობა-ნაგებობების მოსახლეობისგან გამოსყიდვისა და ჩამორთმევის პროცესი, ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროცესის წარმოებას მიუღებელად მიიჩნევს კერძო საკუთრების მინიმალურ ფასად ჩამორთმევისა და სოციალური უსამართლობის ფონზე. რეგიონში მოღვაწე ა/ო "დემოკრატიის ინსტიტუტის" შეფასებით, მიუღებელია 80-ზე მეტი მესაკუთრისთვის "ექსპროპრიაციის" წესით საკუთრების ჩამორთმევა არასათანადო ღირებულებით. ბათუმის მერიამ მათ კომპენსაციის სახით 1კვ/მეტრ მიწის ფართში მხოლოდ 67 ლარი შესთავაზა, რაც მოსალეობისთვის მტკიცებით, ძალიან მცირე თანხაა. ბათუმის მერია კი მათთვის შეთავაზებულ თანხის ოდენობას სარფიანს უწოდებს. ორგანზიაციის შეფასებითვე, ადლიის დასახლებაში მდებარე ქონების "ექსპროპრიაცია" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ხორციელდება, რითაც აშკარად არათანაბარ პირობებში ჩააყენა სახელმწიფომ ერთიდაიგივე მისამართზე მცხოვრები მოსახლეობა. კერძოდ, იგივე დასახლებაში ერთი წლის წინ ხელისუფლებამ სხვა მესაკუთრეებს საკუთრების სანაცვლოდ ისეთი კონპენსირება გაუკეთა, რაც სულ ცოტა ათჯერ აღემატება "ექსპროპრიაციის" ფარგლებში მოქცეული ქონების კონპენსირებას. ამასთან, ორგანიზაციისთვის ძალიან საეჭვოა თბილისიდან მოწვეული აუდიტორული კომპანიის შპს "ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგის" დასკვნები, რომელმაც მოახდინა "ექსპროპრიაციის" ფარგლებში მოქცეული ქონების შეფასება. ჯერ ერთი პასუხი არ არსებობს იმ კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა "ექსპროპრიაციის" ფარგლებში მოქცეული ქონების შეფასების პროცესში ადგილობრივი აუდიტების ჩართვა (ბათუმში რამდენიმე აუდიტორული კომპანია მოქმედებს). ცალკე შეფასების საგანია ისიც, თუ რამდენად ობიექტური და საფუძვლიანია დასკვნები, რომლებიც დედაქალაქიდან მოწვეულმა აუდიტებმა ქონების ერთი ნახვისთანავე შეაფასეს. ბათუმის მერია საკუთარი ბიუჯეტიდან 38 ოჯახის საკუთრებაში არსებული 39 საკადასტრო მიწის ერთეულზე, მთლიანობაში 5 996 751 ლარს იხდის, ხოლო "დემოკრატიის ინსტიტუტი" მოითხოვს ადლიის დასახლებაში მცხოვრები 80-ზე მეტი ოჯახისთვის საკუთრების ჩამორთმევის/შესყიდვის პროცესის სამართლიანად ჩატარების მიზნით, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ადგილზე გასვლით, ინდივიადუალურად შეისწავლის და შეაფასებს თითოეულ ქონებას, რის შემდეგაც მიღებულ უნდა იქნეს ყველა ზომა მესაკუთრეებთან შეთანხმების მისაღწევად საკუთრების შესყიდვის მიზნით. ერთი საგულისხმო დეტალიც: ადლიას, რომელიც 2009 წლამდე ხელვაჩაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელს წარმოადგენდა, კახაბერთან, ანგისასთან და მენჯისწყალთან ერთად ბათუმს შეუერთდა. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის 30 იანვარს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ტერიტორიის ღირებულებად ერთი კვადრატული მიწის ფასი 64 ლარი დადგინდა. მაშინდელი საკრებულოს ოპოზიცია აცხადებდა, რომ ადლიის დასახლება, ანუ ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქ ბათუმის მერიამ პერიფერიულ ზონაში მიზანმიმართულად შეიყვანა. ლეიბოლისტი დავით რობაქიძე მიუთითებდა, რომ "ადლიის დასახლება უკვე 1 წელია ბათუმის შემადგენლობაშია შემოსული, ამ მიწის სტატუსი დღესაც განუსაზღვრელია და რჩება სასოფლო-სამეურნეო მიწად. თვითმართველ ერთეულში, როგორიცაა ქალაქი ბათუმი, სასოფლო-სამეურნეო მიწა ფაქტობრივად არ უნდა იყოს და ამათ, ეს სასოფლო-სამეურნეო მიწად დატოვეს და ფასად 64 ლარი განსაზღვრეს." ერთი ნიუანსიც: 2010 წლის 4 თებერვალს ბათუმის მერიამ მოსახლეობა თავისთან დაიბარა, რათა მათი ქონებრივი აუდიტის დასკვნა გადაეცა. დასკვნის გასაცნობად და თანხმობის გასაცხადებლად, მოქალაქეებს მხოლოდ 3 დღეს მეიცა და მორიგი შეხვედრა, 7 თებერვალს - არასამუშაო დღეს დაინიშნა, თუმცა, მანამდე ბათუმის მერიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის აეროპორტის გზატკეცილთან მისაერთებლად, ქალაქ ბათუმის მერიას მინიჭებოდა მოქალაქეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე და შენობა-ნაგებობებზე ექსპროპრიაციის უფლება. 2010 წლის 2 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის მერიის სასარგებლო გადაწყვეტლება გამოიტანა. ადლიის მცხოვრებლები აღნიშნული სასამართლო პროცესის გამართვის თაობაზე ინფორმირებულნი არ იყვნენ. ამიტომ არც ერთი მათგანი არ დასწრებია მათი ქონების ბათუმის მერიაზე ექპროპრიაციის უფლების მინიჭების გადაწყვეტილების გამოტანას. როგორ გაგრძელდება ექსპროპრიაცია რეგიონში, ამას მალე დავინახავთ, ადგილობრივი ადლიის მკვიდრი, ავთანდილ ფაღავა კი, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, ალბათ, ყველა იმ ადამიანის პროტესტს გამოხატავს, რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაშია. "მე თავს მიწით ვირჩენ: თხილსა და ნიგოზს არ ვყიდულობ, ვენახი მაქვს, ძროხა მყავს და ვთევზაობ. დამეხმარე-მეთქი, არასოდეს მივსულვარ ქალაქის მერიაში. კი ბატონო, თუ სჭირდება მთავრობას, დავტოვებთ ჩვენს საცხოვრებელ ტერიტორიას, მაგრამ რეალური ფასი მაინც გადაგვიხადონ, აბუჩად ნუ აგვიგდებენ. როგორ არ რცხვენია მთავრობას?! ლტოლვილს ლტოლვილი უნდა დაემატოს? არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ, რაც აქ ხდება - სახელმწიფო კერძო პირის ოჯახში შედის და ეუბნება, დატოვე შენი ნაკვდავ-ნაშრომი, აქ ყინულის მოედანი მინდა ავაშენოო. პატივცემულმა პრეზიდენტმა 6-7 თვის წინ თქვა, რომ ჩოლოქიდან სარფამდე მიწის ფასი 450-500 დოლარი ღირსო, მაგრამ მაგდენის მომცემი არავინაა..."- ამბობს ავთანდილ ფაღავა.
არჩილ კაიკაციშვილი
|