ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ, პროფესორ ლადო პაპავასთან
[i]
[b]- ხელისუფლების წარმომადგენლების მთავარი არგუმენტი ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ არის ის, რომ დღევანდელმა ოპოზიციამ არ იცის, როგორ უნდა მართოს ქვეყანა. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიციას არ აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების რეალური ხედვა და პროგრამა. იმ დროს, როდესაც მსგავს განცხადებებს საკმაოდ ხშირად ვისმენთ, თავად ხელისუფლების ეკონომიკური ხედვა და სამოქმედო პროგრამის კონტურები საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველია. აქვს თუ არა ხელისუფლებას დღეს ისეთი პროგრამა, როგორსაც ოპოზიციას სთხოვს?- ჩვენ სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია. ხელისუფლებას, როგორც ასეთი, პროგრამა არ გააჩნია, თუმცა, არსებობს დოკუმენტი, რომელსაც პროგრამა ჰქვია.
დავიწყოთ ერთი კურიოზული დოკუმენტით, რომელსაც 50 დღიანი გეგმა ერქვა. გურგენიძის მიერ შემოთავაზებული გეგმა გაწერილი იყო 152 დღეზე, რაც თავისთავად ამ დოკუმენტის არასერიოზულობაზე მიუთითებდა. ეს დოკუმენტი გარკვეული ღონისძიებების ჩამონათვალი გახლდათ, ყოველგვარი დასაბუთებისა და ვადების გარეშე, ანუ, შეიძლება ითქვას, ეს იმ პროგრამის დანართი უნდა ყოფილიყო, რომელიც არ დაწერილა.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაჟღერდა 50 თვიანი გეგმის შესახებ, რომლის შესახებ საკმაოდ ხშირად მიდიოდა საუბარი და დღესაც ხდება აპელირება, მაგრამ თუ მოვიძიებთ ამ დოკუმენტს, იგი ფიზიკურად არ არსებობს. შემდეგ იყო მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, რომლის შესახებაც დეკემბრის ბოლოს მთავრობის სხდომაზე განაცხადეს. ის, რასაც მთავრობა დოკუმენტს ეძახის, ეს არის პოწერპოინტ-ში წარმოდგენილი გარკვეული სლაიდები, რეალურად კი პროგრამა არ არსებობს.
ფორმალურად მთავრობას აქვს პროგრამა, თუმცა, მხოლოდ იმიტომ რომ ეს კონსტიტუციური მოთხოვნაა. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ მინისტრთა კაბინეტმა, პარლამენტის ნდობის მისაღებად, უნდა წარმოადგინოს პროგრამა. დაწყებული ზურაბ ჟვანიას პრემიერობიდან დამთავრებული გილაურის პრემიერობით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად პროგრამა ჰქვიათ, არ შეიძლება შევაფასოთ, როგორც პროგრამა. პროგრამა უნდა იწერებოდეს, იმ მიზნებიდან და სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, რაც მოცემული ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. პროგრამა უნდა გაიწეროს დროში, უნდა გაიწეროს შემსრულებლებზე და ასე შემდეგ. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი არაფერი შეუქმნია.
აქვე მინდა ერთი საინტერესო მომენტი დავაფიქსირო, იმ დოკუმენტებს, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი ნდობას უცხადებს ხოლმე, ყოველთვის ერქვა "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე" ან "საქართველო სიღარიბის გარეშე". თუმცა, ყველაზე კურიოზული ის არის, რომ თვით სიღარიბის ცნება არ არის განმარტებული, რა ესმის ხელისუფლებას სიღარიბედ ეს არსად არ წერია. მთავრობას ეკონომიკური ხასიათის პროგრამა რეალურად არ გააჩნია.
- ქართული ეკონომიკის განვითარების საკითხებზე ქართველი ექსპერტების ერთი ნაწილი ორგანიზებულად მუშაობს. დეპუტატ გიორგი გოგუაძის მიერ ინიცირებული "ქართული გეგმის" ფარგლებში ჩვენი ეკონომიკის პრიორიტეტებს სახავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გეგმაზე ძალიან ბევრს საუბრობენ, კონკრეტული დოკუმენტი ჯერ არავის უნახავს, ასევე ძნელი წარმოსადგენია, ვინ უნდა გაატაროს "ქართული გეგმის" ფარგლებში მიღებული იდეები. . . - სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ გვიხდება ისეთ რამეზე საუბარი, რაც ბუნებაში არ არსებობს, ანუ ჩვენ კვლავ უნდა ვისაუბროთ ვირტუალურ რეალობაზე. რეალობაა და მთავრობაც აცხადებს, გეგმა უნდა იყოს, თუმცა, ასეთი გეგმა არ აქვთ, ამიტომ ამ თემებზე საუბარი, საბოლოო ჯამში, ვირტუალური რეალობაა.
რაც შეეხება ბატონი გოგუაძის გეგმას, ის თვალით არავის უნახავს. ეს ის რეალობაა, რომელსაც, უკეთეს შემთხვევაში, ასევე ვირტუალური უნდა დაერქვას. მე, პირადად ასეთი გეგმის გაკეთება უაზროდ მიმაჩნია. გეგმა, პირველ რიგში, მთავრობას უნდა ჰქონდეს. მას ეს ევალება. მთავრობას გეგმა სამოქმედოდ სჭირდება. გეგმა უნდა ჰქონდეთ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომ მოიპოვონ ამომრჩევლის მხარდაჭერა და თუ ხელისუფლებაში მოვლენ, წინასწარ წარმოდგენილი პროგრამით იმოქმედონ. თუნდაც გამოცდილი ექსპერტების მიერ აბსტრაქტულად დაწერილ გეგმას კი ფასი არ აქვს.
რისთვის იწერება ასეთი გეგმა?! რეალურად, იგი მთავრობას არ სჭირდება. თუ ოპოზიციური პარტიისთვის წერენ პროგრამას, მაშინ გაუგებარია გოგუაძის, როგორც უმრავლესობის წევრის როლი ამ გეგმაში. მას არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი და უკმაყოფილება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, ამ დროს კი ქმნის ალტერნატიულ გეგმას. პარლამენტმა რამდენჯერმე დაამტკიცა სახელმწიფო ბიუჯეტი და ცვლილებები მასში, და თუ რამე არ მოსწონს ბატონ გოგუაძეს ამ პოლიტიკაში, მას აქვს საპარლამენტო ტრიბუნა და იქ უნდა გააპროტესტოს. "ქართული გეგმა" კი უბრალოდ მნიშვნელობას კარგავს, ის ვერ გახდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების განმსაზღვრელი დოკუმენტი და დარჩება სავარჯიშოდ ან უკეთეს შემთხვევაში, სამეცნიერო ნაშრომად.
ასეთი დოკუმენტების გაკეთებას ექსპერტების მხრიდან თავისი დატვირთვა იმ დროს ჰქონდა, როდესაც საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესახებ საკითხი აქტუალური იყო 80-იანი წლების ბოლოს. იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკით უნდა ეცხოვრა, მაშინ გარკვეული სამეცნიერო ხედვების შეთავაზება პოლიტიკოსებისთვის საჭირო და აუცილებელიც იყო. მე, მაშინ არაერთ ასეთ დოკუმენტში მივიღე მონაწილეობა. ერთ ერთი ასეთი დოკუმენტი შედგა "რუსთაველის საზოგადოების" ეგიდით, ჯგუფს რომან გოცირიძე ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ასეთი დოკუმენტი "საქართველოს მეცნიერთა ასოციაციის" ეგიდით მომზადდა, რომელსაც მე თვითონ ვხელმძღვანელობდი. მაშინ ასეთი გეგმების მომზადება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, იშლებოდა ძველი სისტემა და იქმნებოდა ახალი სისტემა, ამ დროს როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ქვეყნის ეკონომიკა, ამას მეცნიერების მუშაობა სჭირდებოდა. მიმდინარეობდა ერის გამოღვიძება და ამ საქმეში ამ ტიპის დოკუმენტებმა დიდი როლი შეასრულა. ჩვენ შევქმენით ის ინტელექტუალური მუხტი, რომ დამოუკიდებელ საქართველოს შეუძლია, ეკონომიკურადაც იარსებოს დამოუკიდებლად. დღეს კი ასეთ დოკუმენტს აზრი აქვს, თუ იგი მთავრობის ან ოპოზიციის მიერ შექმნილი დოკუმენტია.
ბატონი გოგუაძე ოპოზიციის წევრი არ არის, იგი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ერთიანობაში საკმაოდ ხშირად ჩანს. ნაციონალური მოძრაობა კი თავისი ხედვით მართავს ეკონომიკას.
გარდა ამისა, ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც გიორგი გოგუაძე "ქართულ გეგმას" ქმნის, თანამედროვე ხელისუფლებისთვის, სამწუხაროდ, ჩემსავით "ჩარეცხილები" არიან. რატომ უნდა სჭირდებოდეს სახელმწიფოს "ჩარეცხილების" მიერ დაწერილი გეგმა. იმედია, ჩემს მეგობრებს, რომლებიც გოგუაძის გვერდზე დადგნენ ეს არ ეწყინებათ, რადგან მეც მათსავით "ჩარეცხილების" რანგში გავდივარ.
- ამ ფონზე, ბუნებრივად იბადება კითხვა, რატომ ქმნის გიორგი გოგუაძე "ქართულ გეგმას"?- ვფიქრობ, რომ გოგუაძის ეს ქმედება მის პოლიტიკურ რეაბილიტაციას ემსახურება. საპარლამენტო არჩევნების წინ გოგუაძე პარლამენტში ისეთი ამბიციებით მიდიოდა, რომ ყველას ეგონა სულ მცირე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მაინც გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ, ახლა იგი ცდილობს მმართველ ძალას უჩვენოს, რომ შეუძლია გონიერი ხალხი შემოიკრიბოს და ქვეყნის სამსახურში დარაზმოს.
სპეკულაციად მიმაჩნია, იმის აფიშირება, რომ გოგუაძემ ამ საქმეში პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გაახმოვანა. თუ კურთხევა გაქვს, რატომ ყვირი, თუ ეს პიარი არაა. კეთილ საქმეზე ლოცვა-კურთხევისთვის ნებისმიერი რომ მივიდეს მღვდელთან, ვინ ეტყვის უარს. პატრიარქის სახელის ხშირად გამოყენება, ჩემი აზრით, უბრალო სპეკულაციაა.
ასე რომ, ჩემი დამოკიდებულება ბატონი გოგუაძის ამ კონკრეტულ გეგმის მიმართ უკიდურესად უარყოფითია. იგი ხელისუფლების თვალში მის პოლიტიკურ რეაბილიტაციას ემსახურება.
ესაუბრა ზურაბ კუკულაძე