ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ, პროფესორ ლადო პაპავასთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    ივლისი 2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა

რამ იქონია ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე?

მსოფლიო კრიზისმა
აგვისტოს ომმა
საპროტესტო აქციებმა
მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ
 
სტატიების არქივი
ივლისი 2010 (89)
ივნისი 2010 (78)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (27)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ, პროფესორ ლადო პაპავასთან
ნანახია: 791

ახალი კანონი ხელისუფლების ჩარევით სტატისტიკის მართულობას აპრიორი უშვებს

მრავალვალუტიანი სისტემა მხოლოდ სპეკულაციური გარიგებებისთვის არის კარგი

- კახა ბენდუქიძე ახალი ინიციატივით გამოვიდა, როგორც იგი აცხადებს, პატარა ქვეყანა კრიზისიდან სხვებზე ადრე რომ გამოვიდეს, მონეტარული სისტემის რეფორმირებაა საჭირო, რომლის თანახმადაც საქართველოში ლართან ერთად თავისუფალ მიმოქცევაში დოლარი და ევროც უნდა ჩაეშვას. რა კომენტარს გააკეთებთ ამ საკითხზე, თუ შეიძლება რომ ეს ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს და რა შედეგებს მოიტანს ეს, ასე ვთქვათ, სიახლე?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ბენდუქიძის ეს იდეა სულაც არ არის ახალი. 2004 წელს, როდესაც ის ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა, მაშინ მის შესახებ ძალიან პრესტიჟულ ინგლისურ გაზეთ The economist-ში დაიბეჭდა სტატია, რომელიც აშკარად ემსახურებოდა მის პიარს. აქ იყო მოთხრობილი ბენდუქიძის რამდენიმე "რევოლუციური" იდეის შესახებ. ერთ-ერთი იდეა იყო, საქართველოს თავისი ეროვნული ვალუტა, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალებ,ა არ უნდა ჰქონდეს და აქ უნდა ტრიალებდეს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტები. ჩემთვის ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ ასეთ სოლიდურ ჟურნალში "ყვითელი" იდეა იყო გაპიარებული.
მრავალვალუტიანი სისტემა გამოიყენება თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში, მაგრამ თავისუფალი ეკონომიკური ზონა არის რაღაც შეზღუდული ტერიტორიული სივრცე, სადაც ეს რეჟიმი გამოიყენება, მრავალვალუტიანი სისტემა უადვილებს იქ მონაწილე სუბიექტებს სხვადასხვა ოპერაციებს.
რას ნიშნავს საქართველოსთვის იმ ფუნქციის ჩამორთმევა, რომ მას არ ჰქონდეს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება? ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს მაკროეკონომიკური რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ საქართველოს აღარ ექნება სერიოზული ეროვნული სიმბოლო - ეროვნული ვალუტა, ჰიმნთან, დროშასთან და გერბთან ერთად. თუმცა, ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში არ გვექნება მაკროეკონომიკური რეგულირების ინსტიტუტი. მრავალვალუტიანი სისტემა ნიშნავს, პრაქტიკულად, ყველა იმ ნეგატიური პროცესების, რაც გლობალურ ეკონომიკაში ხდება, ქვეყანაში უშუალოდ გადმოტანას. ამ პირობებში არ იარსებებს ელემენტარული ინსტრუმენტიც კი, რომ ამ ზეგავლენას თუ არ აიცილებ, შეასუსტო მაინც. მინდა გითხრათ, რომ ამგვარი სისტემა პრაქტიკულად ეკონომიკაში გარკვეული ქაოსის შემოტანასაც ნიშნავს, რადგან ქვეყანაში პრაქტიკულად ყოველსაათობრივად უნდა მოხდეს იმის შეფასება, თუ რომელ ვალუტაში ჯობია ოპერაციების განხორციელება. საბოლოო ჯამში, ეს უფრო ხელს შეუწყობს სპეკულაციური ოპერაციების განვითარებას, ვიდრე ეკონომიკის განვითარებას.
ბენდუქიძის არგუმენტს, რომ მრავალვალუტიანი სისტემა ხელს შეუწყობს კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნას, უკვე ვუპასუხე. ეს სისტემა მხოლოდ სპეკულაციური გარიგებებისთვის არის კარგი, ქაოტურ გარემოში არც ერთი დასავლელი ინვესტორი არ შემოვა. აქ შექმნილი საინვესტიციო გარემო, მხოლოდ ისეთი ინვესტიციებისთვის არის მისაღები, რომელიც დასავლეთისთვის მიუღებელია. ქართული საინვესტიციო გარემო მხოლოდ არალეგალური ან ნახევრადლეგალური, გაურკვეველი წარმომავლობის კაპიტალისთვის არის საინტერესო. მე მხედველობაში მაქვს რუსული ინვესტიციები, რომლისთვისაც ქართული ბაზარი, მიუხედავად გამოხატული აგრესიისა, დღესაც ღიაა, მხედველობაში მაქვს არაბული ინვესტიციები, რომლისთვისაც რატომღაც მხოლოდ ქართული ბაზარია ღია და ასე შემდეგ.
ყველაფერი ეს ჩემთვის გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავისხენებთ რომ ბატონი ბენდუქიძე პროფესიით ბიოლოგია და მის მსოფმხედველობაში დამახასიათებელია ბიოლოგიური მიდგომები.
გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ბატონი ბენდუქიძე აღარ არის სახელმწიფო სამსახურში. ამ ფონზე, მისი განცხადება კიდევ უფრო საყურადღებოა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მან ბოლომდე ვერ მოახერხა ქვეყნის ეკონომიკის დანგრევა. მან მნიშვნელოვნად დაასუსტა საქართველოს სახელმწიფო მანქანა, ეროვნული ბანკის დაკნინებაში მას,, გურგენიძესთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის, ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება უშუალოდ მის კისერზეა, ასევე არაგამჭვირვალე პრივატიზაცია. ბენდუქიძემ ხელი შეუწყო თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მულტისავალუტო სისტემის ჩამოყალიბებას, ეს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტია. უბრალოდ ვერ მოასწრო, რომ ლარისთვის ბოლომდე "ყოფა ეტირა" და როგორც ჩანს, ამას დღეს აპირებს.
დღეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ ბენდუქიძე რეალურად ხელისუფლებიდან არ წასულა. მისი ოფიციალური გაშვებით, იქმნება ილუზია, რომ ბენდუქიძე ხელისუფლებიდან წასულია. რეალურად კი მან თავისი პაწაწინა "ბენდუკები" სახელმწიფო მექანიზმის ყველა რგოლში დატოვა. ბენდუქიძის იდეების მატარებლები არიან მთავრობაში, პარლამენტში და თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში.
ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების აქტიურობაზე, თუ ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი იქნება ძლიერი, მაშინ ხელისუფლება ვერ შეძლებს გააგრძელოს ქართული სახელმწიფოს ნგრევა. თუ საპროტესტო ტალღა იქნება სუსტი, მაშინ მნიშვნელობა არ ექნება, სად არის ბენდუქიძე, მის მიერ დატოვებული `ბენდუკები~ გააგრძელებენ ეკონომიკის მოშლას.
- როგორც იქნა ეროვნულ ბანკს ჰყავს პრეზიდენტი. გიორგი ქადაგიძე ექსპერტთა გარკვეულ წრეებში ყოველთვის მოიაზრებოდა ბენდუქიძის კადრად, თუმცა, სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ, მის მიერ გაკეთებული განცხადებები ნამდვილად არ შეესაბამება ბენდუქიძის პათოსს. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საზედამხედველო პოლიტიკის არსებული ფორმა კრიტიკას ვერ უძლებს და ეროვნულმა ბანკმა უნდა დაიბრუნოს ზედამხედველობის ფუნქცია. თქვენ საუბრობთ, რომ "ბენდუკები" ეროვნულ ბანკში დღესაც მრავლად არიან, ამ ფონზე, რამდენად მოახერხებს ქადაგიძე ეროვნული ბანკის გაძლიერებას?
- ბენდუქიძის მთავარი კადრი ეროვნულ ბანკში არის დავით ამაღლობელი, ის საკმაოდ კვალიფიციური პროფესიონალია. რაც შეეხება გიორგი ქადაგიძეს, მინდა ვთქვა, რომ ბატონი ქადაგიძე ორჯერ იყო ჩემი სტუდენტი, ერთხელ "იესემში" და ერთხელ "ჯიპაში", ის საკმაოდ ნიჭიერი და ამბიციური ახალგაზრდაა. მე მას წარმატებას ვუსურვებ. ის თანამდებობაზე ახალი დანიშნულია, აქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა. თუ ის მოახერხებს ამაღლობელის ზეგავლენიდან გამოსვლას, მოახერხებს ეროვნული ბანკის ფუნქციების აღდგენას, ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის დაბრუნებას, ანუ რაც კახა ბენდუქიძემ და ლადო გურგენიძემ დაანგრიეს, იმის აღდგენას, მე ამას მხოლოდ მივესალმები. თუ ის ამას მოახერხებს, მე ვიამაყებ იმით, რომ ვიყავი მისი მასწავლებელი, თუმცა ამას მისთვის შესაძლოა არც ჰქონდეს რაიმე მნიშვნელობა.
- ექსპერტების ნაწილი ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ პოლიტიკას დადებითად აფასებენ. თქვენ რა აზრის ხართ სებ-ის ბოლო რამდენიმე თვის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე და ამასთან, როგორ შეფასებას მისცემდით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებულ საზედამხედველო პოლიტიკას და საერთოდ ამ სამსახურს?
- პირდაპირ ვიტყვი, რა უნდა საზედამხედველო სამსახურს კალაშოვის სახლში?! ეს უაზრო "ტინგიცობები" ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

რაც შეეხება ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, მე მას ერთმნიშვნელოვნად ვერ შევაფასებ. მთლიანობაში, ეროვნულმა ბანკმა სირთულეებს თავი გაართვა, ქვეყანას ააცილა საბანკო კრიზისი. თუმცა, უდიდესი შეცდომა დაუშვა 2008 წლის 7 ნოემბერს. პრაქტიკულად გაუაზრებლად იქნა დახარჯული 250 მილიონი დოლარი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიიღო. შეიძლებოდა ამ თანხის უფრო ხანგრძლივ დროში დახარჯვა და ნახტომისებული დევალვაციის თავიდან აცილება. შემდგომ გაკეთებული განცხადება, რომ ეს ფაქტი ინფლაციას არ წაახალისებდა, უბრალოდ სიბრიყვე იყო. ომის დროს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა იყო აბსოლიტურად სწორი, თუმცა ნოემბერში მან ქვეყანას `მწვანე პარასკევი~ მოუწყო.
დღევანდელ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ ბატონ ქადაგიძეს ვუსურვოთ წარმატება. მან უნდა გამოასწოროს დაშვებული შეცდომები. ის უნდა გახდეს ეროვნული ბანკის ძლიერი წარმომადგენელი და დამცველი. მისი პირველი განცხადებები და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ იგი ამას მოახერხებს.
- 2009 წლიდან ინფლაციის მაჩვენებელი დიდი სისწრაფით იკლებს. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2,2% შეადგინა. თქვენი აზრით, რა იწვევს საქართველოში ინფლაციის კლებას, რა შედეგს მოიტანს ეს და საერთოდ, რამდენად სანდოა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ბოლო დროს ინფლაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მაჩვენებელი?
- სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დადებული მონაცემები დიდი ხანის მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. გასული წლის ინფლაციის მაჩვენებლად სულაც 5,5% დაფიქსირდა. არც ინფლაციის მაჩვენებელი, არც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, არც ის, თუ რამდენია მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე, არ არის რეალობასთან ახლოს. ასე რომ, სტატისტიკა, როგორც ადრე, ისე დღესაც, რჩება პოლიტიკური დაკვეთის ტყვეობაში და 2%-იანი ინფლაციის მაჩვენებელზე საუბარი აქტუალურად არ მიმაჩნია.
- როგორც მოგეხსენებათ, უახლოეს მომავალში სტატისტიკის დეპარტამენტის რეფორმა იგეგმება. ამის შესახებ კანონი უკვე შევიდა პარლამენტში განსახილველად. როგორ შეაფასებდით სტატისტიკის დეპარტამენტის რეფორმას, ამ ცვლილებების შემდეგ გვექნება თუ არა ნამდვილად ობიექტური სტატისტიკა?
- ნებისმიერ ცვლილებას ჰქვია რეფორმა, თუმცა, ეს არ არის რეალური რეფორმა, სინამდვილეში, ეს არის იმ სიტუაციის შელამაზება, რაც დღეს არის. სტატისტიკის დეპარტამენტში დაგეგმილი ცვლილებების მოდელად, პრაქტიკულად, აღებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სქემა, თუმცა, გაცილებით უარესი ვერსიით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველობაში არ შედიან ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, თუმცა ის ხელისუფლებიდან მაინც მართულია.
სტატისტიკის დეპარტამენტის მმართველ ჯგუფში 3 ადამიანი უშუალოდ არის დაინტერესებული მხარე. მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ჯერ კიდევ ინფლაციის რეგულირებაა, ისეთი სტრუქტურის შემადგენლობაში, რომელმაც სწორედ ინფლაციის მაჩვენებელი უნდა დაითვალოს, ეროვნული ბანკის წარმომადგენლის ყოფნა, ინტერესთა კონფლიქტია. ასევე შეიძლება ითქვას, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელზე. ამ სამინისტროს მთავარი ფუნქციაა ქვეყანაში განახორციელოს ეკონომიკური პოლიტიკა, სტატისტიკა კი არის იმის სარკე, თუ როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა. დაინტერესებული მხარეა ფინანსთა სამინისტროც, რომლის მიზანია, ისე გაანაწილოს მის ხელთ არსებული ფინანსები, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს. ამავდროულად, ფინანსთა სამინისტრო არის სტატისტიკის სამსახურის დამფინანსებელი. ბუნებრივია, მისი წარმომადგენლის ყოფნა სტატისტიკის სამსახურის მმართველ ჯგუფში, ინტერესთა კონფლიქტია.
ვინ შეიძლება იყოს დღევანდელი პირობებში სხვა 5 წარმომადგენელი. მე ვეჭვობ, რომ აქ მოიყვანონ სერიოზული სტატისტიკოსები. როდესაც ამ კანონპროექტზე მუშაობა მიდიოდა და შეიქმნა სამთავრობო კომისია, სადაც არასამთავრობო სექტორიც მოიწვიეს, მათ შორის ერთი ქართველი სტატისტიკოსიც არ ყოფილა. მაგალითად, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ სტატისტიკოსი ვარ, თუმცა, იმ კომისიაში წარმოდგენილი ადამიანების კვალიფიკაციას თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ნამდვილი პაროდია, ქართული სტატისტიკის დაცინვა. ამ ფონზე, წარმოუდგენელია, რომ სტატისტიკის ახალ სამსახურში ვინმე სერიოზული სტატისტიკოსი ვიხილოთ. ალბათ, ისევ მართვად ადამიანებს, მოიყვანენ.
ჩვენ ამ შემთხვევაში, უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ორი მომენტი, პირველი ინსტიტუციური მოწყობა და მეორე, პოლიტიკური ნება. კანონი იდეალურიც რომ იყოს, ის ვერ იმუშავებს, თუ არ იქნა ამის პოლიტიკური ნება. სტატისტიკის სამსახურის შემთხვევაში, ინსტიტუციურადაც გაუმართავი კანონია წარმოდგენილი. ეს არის კანონი, რომელიც ხელისუფლების ჩარევით სტატისტიკის მართულობას აპრიორი უშვებს. მთავრობამ, ერთის მხივ, განაცხადა, რომ სტატისტიკას აძლევს დამოუკიდებლობას, მაგრამ არ ეყო ვაჟკაცობა, რომ მისი რეალურად დამოუკიდებელი მუშაობა დაეშვა.
- ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა. თქვენ როგორი მიდგომა გაქვთ ამ საკითხთან და მართლაც, თუ უნდა ველოდოთ ანტიმონოპოლიური სამსახურის ძველი ფუნქციებით აღდგენას?
- ანტიმონოპოლიური სამსახური არ აღდგება, ეს გამორიცხულია. ბ-ნი ლაშა ჟვანია, რომელიც აქტიურად მოითხოვდა ამ სამსახურის აღდგენას, უკვე სხვანაირად საუბრობს. ის დღეს იგივე "სიმღერას მღერის", რასაც ბენდუქიძე და "ბენდუკები". ბატონი ჟვანია მინისტრად დანიშვნის პირველ დღეებში საუბრობდა იმაზე, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა აღდგეს, ანუ ის აფიქსირებდა, რომ ეს სამსახური არ არსებობს, დღეს კი ის საუბრობს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური რეალურად არსებობს და მის ფუნქციას თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო ასრულებს. ეკონომიკური განვითარების მინისტრი დღეს იმეორებს ბენდუქიძის აზრს, რომ ეს სააგენტო თითქოს მართლაც არის ანტიმონოპოლიური სამსახური. თუმცა, ეს სააგენტო მხოლოდ საჩვენებელი და სათქმელი სტრუქტურაა, რომ თითქოს რაღაც ანტიმონოპოლიური სამსახურის მსგავსი არსებობს. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო რომ რეალურად ანტიმონოპოლიური სამსახური არ არის, ამას ევროკავშირის ის მოთხოვნაც მოწმობს, რომ ასეთი სამსახური შესაქმნელია. ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, ამისთვის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად ანტიმოპნოპოლიური სამსახურის შექმნას ასახელებს. ტერმინი შექმნა, ნიშნავს რომ არა გვაქვს და უნდა შეიქმნას.
- სტატისტიკის დეპარტამენტმა სულ ახლახანს საარსებო მინიმუმის ახალი ნორმა განსაზღვრა, რომლის თანახმადაც საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი, წინა მაჩვენებელთან შედარებით, 11 ლარით გაიზარდა და 132 ლარი შეადგინა. რა შეფასებას მისცემდით ახალ საარსებო მინიმუმს, თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია, რომ დღე საქართველოში ნორმალურმა ადამიანმა ამ თანხით ერთი თვე იცხოვროს?
- საარსებო მინიმუმი ერთ-ერთი საყვარელი თემა იყო ზურაბ ჟვანიასა და მისი გუნდისთვის, როდესაც ისინი შევარდნაძის ოპოზიციაში იყვნენ. თუმცა, ამ გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საარსებო მინიმუმის პრობლემა ყველამ დაივიწყა. რაც გააკეთეს ის იყო, რომ შეიცვალა დათვლის მეთოდოლოგია. შეამცირეს საარსებო კალათაში პროდუქტების კალორიულობა, საცალო ფასების ნაცვლად კი საბითუმო ფასები აიღეს, ამით საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ხელოვნურად დაწიეს. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ 2008 წლის დეკემბრის მიწურულს, გამართულ მთავრობის სხდომაზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, მაშინ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა და ქალაქის მერმა ვერ დაასახელეს ზუსტი ციფრი, თუ რამდენი იყო ოფიციალურად საარსებო მინიმუმი. ამაზე ქვეყნის პრეზიდენტს აღშფოთებაც კი არ გამოუხატავს. ეს იმას ნიშნავს, რომ საარსებო მინიმუმი დღევანდელ მთავრობაში არავის აინტერესებს.
მეორე დღეს ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საარსებო მინიმუმი ერთ სულზე არის 115 ლარი, ხოლო ოთხსულიან ოჯახზე 220 ლარი. რა შემიძლია საარსებო მინიმუმის შესახებ გითხრათ - რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელიც ისევე ხელოვნურად არის შემცირებული, როგორც ინფლაციის მაჩვენებელი. სტატისტიკა არ შეიძლება სცოდავდეს რომელიმე ერთ სფეროში, თუ ის იტყუება, იტყუება კომპლექსურად და ამახინჯებს მთელი ეკონომიკის მდგომარეობის მაჩვენებელს.
სტატისტიკის დეპარტამენტთან დაკავშირებით ერთი აზრი მაქვს. აქ თვითკონტროლის მექანიზმია ჩამოყალიბებული, უკვე საჭირო აღარ ხდება მთავრობის მითითება, რა მონაცემი დაიდოს, მათაც ისწავლეს ჭკუა და ისეთ მონაცემებს აქვეყნებენ, რომელიც ხელისუფლებას პრობლემა არ შეუქმნას. მთელი ის ინფორმაცია, რომელსაც დღეს სტატისტიკის დეპარტამენტი დებს, თავიდან არის შესასწავლი და გასაანალიზებელი. დადგება დრო, როდესაც ნორმალურ ხელისუფლებას მოუწევს, თავიდან შექმნას უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია, თავიდან შექმნას იმ მწერალთა ერთობა, რომელსაც ადრე მწერალთა კავშირი ერქვა, ძალიან ბევრი რამე თავიდან უნდა შეიქმნას, მათ შორის სტატისტიკის სამსახური და როდესაც ეს დრო დადგება და მე მჯერა, რომ ეს დრო დადგება (თუმცა არ ვიცი როდის), მაშინ საჭირო გახდება ვარდების რევოლუციის შემდგომი სტატისტიკური პარამეტრების ხელახლა დათვლა.
- ბოლო რამდენიმე კვირაა ლარი მყარდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარის გამყარების რეალური საფუძველი არ არსებობს და ეჭვობენ, რომ ეს ტენდენცია კიდევ შენარჩუნდება. თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა, რომ ლარის გამყარების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს?
- ეს ვერანაირად ვერ გახდება ტენდენცია, გამომდინარე იქედან, რომ ამის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის უბრალოდ გადახრა ზოგადი ტენდენციიდან. მე ასეთ რეკომენდაციას მივცემდი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, რომ დიდად ნუ შეუწყობენ ხელს ასეთ გადახრებს. ქვეყანაში საგარეო სავაჭრო ბალანსი კატასტროფულად უარყოფითია, ანუ უფრო მეტ ვალუტას ვკარგავთ საგარეო ვაჭრობაში, ვიდრე ვიძენთ. ამავდრუოლად უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში, გლობალური კრიზისის გამო, შეფერხებულია, ფულადი გადმორიცხვებიც შემცირდა, ამიტომ ერთადერთი რეალური წყარო, იმისთვის, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნდეს გაცვლითი კურსის სტაბილურობა, ეს არის ის 4,5 მილიარდი დოლარი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო დონორებისგან უნდა მიიღოს. ამ რესურსის გამოყენება კი ძალიან დიდი სიფრთხილით არის საჭირო. ამიტომ მცოცავი დევალვაციის განხორციელებას წინ ვერაფერი ვერ აღუდგება, ეს არის ობიექტური რეალობა.

ესაუბრა ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48