ნანახია: 102
განვითარებას კონკურენცია, ინვესტიციები, ინოვაციები განაპირობებს
ადამიანური კაპიტალი არის ცოდნის, სიმარჯვის, უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ადამიანის და მთლიანად საზოგადოების მრავალმხრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თავდაპირველად ადამიანური კაპიტალის ცნება განიხილებოდა როგორც ინვესტიციების ერთობლიობა ადამიანში, რომელიც მის შრომის უნარს აძლიერებდა - განათლება და პროფესიული ჩვევები. ამჟამად მასში ჩართულია სამომხმარებლო დანახარჯები - ოჯახის დანახარჯები კვებაზე, ტანსაცმელზე, საცხოვრებელზე, განათლებაზე, კულტურაზე, ასევე, სახელმწიფოს დანახარჯები ამ მიმართულებით. ადამიანური კაპიტალი ეკონომიკური განვითარების ინტენსიური საწარმოო ფაქტორია, საზოგადოების და ოჯახის განვითარებაა, რომელიც შრომითი რესურსების განათლებულ ნაწილს მოიცავს, ცოდნაა, ინტელექტუალური და მმართველობითი შრომის ინსტრუმენტია, საცხოვრებელი და შრომითი საქმიანობის გარემოა, რომელიც ადამიანური კაპიტალის, როგორც განვითარების მწარმოებლური ფაქტორის, ეფექტურ და რაციონალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
გამოკვლევების მიმოხილვა ადამიანური კაპიტალი ინოვაციური ეკონომიკის და ცოდნის ეკონომიკის, როგორც განვითარების შემდგომი მაღალი დონის ფორმირების და განვითარების მთავარი ფაქტორია. ადამიანური კაპიტალის განვითარების და ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი პირობაა მაღალი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. ადამიანური კაპიტალის კლასიფიკაცია: ინდივიდუალური, ფირმის, ეროვნული. ადამიანური კაპიტალის თეორიის შექმნას ბიძგი მისცა ქვეყნების ეკონომიკის ზრდის სტატისტიკურმა მონაცემებმა, რომლებიც აჭარბებდნენ ზრდის კლასიკური ფაქტორებზე ბაზირებულ გაანგარიშებებს. სტენლი ფიშერის მიხედვით ადამიანური კაპიტალი არის ადამიანში განსხეულებული უნარი მიიღოს შემოსავალი, ანუ იგი მოიცავს დაბადებისთანავე მიღებულ უნარს და ტალანტს, ასევე განათლებას და შეძენილ კვალიფიკაციას. საიმონ კუზნეცმა (რუსული წარმოშობის ამერიკელი ნობელიანტი 1971 წელს) გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების მიერ განვითარებადი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების შემზღუდავ ფაქტორად წარმოადგინა ფიზიკური და ადამიანური კაპიტალის სასტარტო პოტენციალი, ანუ სასტარტო დაგროვილი ადამიანური კაპიტალის საკმარისობა არის მთავარი ფაქტორი. სწორედ ადამიანური კაპიტალის საკმაოდ მაღალი დონე და ხარისხი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში უზრუნველყოფს ერთ მოსახლეზე მშპ-ს სტაბილურ ზრდას და მოსახლეობის ცხოვრების დონის და ხარისხის ამაღლებას. ადამიანური კაპიტალი არის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის შესაძლო სტაბილური ზრდის მთავარი დომინანტი. ამერიკელმა ეკონომისტმა ედვარდ დენისონმა დაამუშავა ეკონომიკური ზრდის ფაქტორების კლასიფიკაცია. მის მიერ შერჩეული 23 ფაქტორიდან 4 მიეკუთვნება შრომას, 4-კაპიტალს, 1-მიწას, 14 კი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის წვლილს გვიჩვენებს. მისი აზრით, ეკონომიკური ზრდა განისაზღვრება არა იმდენად დახარჯული ფაქტორების რაოდენობით, არამედ მათი ხარისხით და ამ ხარისხის ზრდით. მან გამოიკვლია აშშ-ს ეკონომიკა 1929-1982 წ.წ. და პირველ ადგილზე სამუშაო ძალის ხარისხი დააყენა. დენისონმა გააკეთა დასკვნა, რომ ერთ მუშაკზე გამოშვების (შრომის მწარმოებლურობა) ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორი არის განათლება, როგორც ადამიანური კაპიტალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. თეოდორ შულცმა (ნობელიანტი 1979 წელს) ადამიანური კაპიტალი საწარმოო ფაქტორად და ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად გამოაცხადა. ადამიანში ინვესტიციის განხორციელების ძირითად შედეგად იგი თვლიდა ადამიანში შრომის უნარის დაგროვებას, საზოგადოებაში მის ეფექტურ შემოქმედებით საქმიანობას, ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ადამიანურ კაპიტალს აქვს მწარმოებლური ხასიათის აუცილებელი ნიშნები, მას შეუძლია დაგროვება და კვლავწარმოება. გერი ბეკერმა (ნობელიანტი 1992 წელს) ადამიანური კაპიტალის ცნება გადაიტანა მიკროდონეზე. მან შეაფასა განათლების ეკონომიკური ეფექტიანობა თვითონ მუშაკისთვის. დამატებითი შემოსავალი უმაღლესი განათლებისგან მან ასე განსაზღვრა: კოლეჯდამთავრებულის შემოსავალს გამოაკლო ზოგადი საშუალო განათლების მქონე მუშაკის შემოსავალი. განათლების დანახარჯებში შედის როგორც პირდაპირი დანახარჯები, ისე ალტერნატიული დანახარჯები - სწავლის პერიოდში ხელიდან გაშვებული შემოსავალი. განათლებაში ინვესტიციების უკუგება მან შეაფასა როგორც შემოსავლების ხარჯებთან შეფარდება, რაც 12-14% წლიური მოგების ტოლია. ფინანსისტები და მეწარმეები განათლებაზე დანახარჯებს განიხილავენ, როგორც პერსპექტიული კაპიტალდაბანდებებს, რომელსაც შემოსავალი მოაქვს.
ადამიანური კაპიტალის პარადიგმა ამჟამად ადამიანური კაპიტალის თეორიის და პრაქტიკის ბაზაზე შეიქმნა და სრულყოფილი ხდება აშშ-ს და წამყვანი ევროპული ქვეყნების განვითარების წარმატებული პარადიგმა. ამ თეორიის საფუძველზე შვედეთმა მოახდინა თავისი ეკონომიკის მოდერნიზაცია და 2000 წლიდან დაიბრუნა მსოფლიო ეკონომიკაში ლიდერის პოზიციები. ფინეთმა კი დროის ისტორიულად მცირე მონაკვეთში მოახერხა ძირითადად ნედლეულის ეკონომიკიდან ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლა. შექმნა რა საკუთარი კონკურენტუნარიანი მაღალი ტექნოლოგიები, უარი არ უთქვამს თავისი მთავარი ბუნებრივი სიმდიდრის-ტყის სიღრმისეულ გადამუშავებაზე. ფინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა მთლიანად კონკურენტუნარიანი ეკონომიკის რეიტინგის მიხედვით. უფრო მეტიც, ტყის ისეთ საქონლად გადამუშავებით მიღებული შემოსავლით, რომელშიც მაღალი დამატებული ღირებულებაა, მათ შექმნეს ინოვაციური ტექნოლოგიები და პროდუქტები.
ადამიანური კაპიტალის განვითარების წამმართველია კონკურენცია, ინვესტიციები, ინოვაციები ეკონომიკის ინოვაციური სექტორი, ელიტის კრეატიული ნაწილი, საზოგადოება, სახელმწიფო არიან მაღალხარისხიანი დაგროვების წყაროები ადამიანური კაპიტალისთვის, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების მიმართულებებს და ზრდის ტემპებს. სწორედ ქვეყნის ელიტა განსაზღვრავს მისი განვითარების მიმართულების ვექტორს. ინვესტიციები ქმნიან კოლექტიურ სამოქალაქო ინტელექტს, რომელიც მიმართულია შენებაზე. განვითარებად ქვეყანაში შეუძლებელია ყველგან შეიქმნას კონკურენტუნარიანი კომფორტული პირობები უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებისთვის. ამიტომ შეიქმნება სპეციალური ეკონომიკური ზონები, ტექნოპოლისები და ტექნოპარკები (ჩინეთი, ინდოეთი). ეროვნული ადამიანური კაპიტალი არის ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ნაწილი. ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე მოიცავს ფიზიკურ, ადამიანურ, ფინანსურ და ბუნებრივ კაპიტალს. ეროვნული ადამიანური კაპიტალი მოიცავს სოციალურ, პოლიტიკურ კაპიტალს, ეროვნულ ინტელექტუალურ პრიორიტეტებს, ეროვნულ კონკურენტულ უპირატესობებს და ქვეყნის ბუნებრივ პოტენციალს. გამოყენებული იქნა ადამიანური კაპიტალის შემადგენელი ნაწილების შეფასება სახელმწიფოს, ოჯახის, მეწარმეების და სხვადასხვა ფონდების დანახარჯების მიხედვით. მათი საშუალებით შეიძლება განისაზღვროს საზოგადოების მიმდინარე ყოველწლიური დანახარჯები ადამიანური კაპიტალის კვლავწარმოებაზე. აშშ-ში 2000 წელს ადამიანური კაპიტალის ღირებულებამ შეადგინა 95 ტრილიონი დოლარი ანუ ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის 77%, მსოფლიო ადამიანური კაპიტალის - 26%, რუსეთის - 8%, ჩინეთის - 7%, ბრაზილიის, ინდოეთის - 2%, ევროკავშირის ქვეყნების წილი 57%-ია. მსოფლიო ადამიანური კაპიტალი შეადგებს მსოფლიო სიმდიდრის 66%-ს. საქართველოს ადამიანური კაპიტალი შეადგენს ეროვნული სიმდიდრის 55%-ს. რუსეთის ადამიანური კაპიტალი შეადგენს ეროვნული სიმდიდრის 50%-ს. უმეტესი ქვეყნების ადამიანური კაპიტალი აღემატება ეროვნული სიმდიდრის ნახევარს (გარდა ოპეკ-ის ქვეყნებისა). ადამიანური კაპიტალის პროცენტულ წილზე არსებითად მოქმედებს ბუნებრივი რესურსების ღირებულება. კერძოდ, რუსეთში ბუნებრივი რესურსების ღირებულება შედარებით დიდია, რაც ადამიანური კაპიტალის წილს ამცირებს. მსოფლიო ადამიანური კაპიტალის ძირითადი ნაწილი თავმოყრილია განვითარებულ ქვეყნებში, რადგან ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში 2-3 ჯერ აჭარბებს ინვესტიციებს ფიზიკურ კაპიტალში.
ადამიანური კაპიტალის ტიპები ადამიანური კაპიტალი საწარმოო ფაქტორის ეფექტიანობის ხარისხის მიხედვით შეიძლება დავყოთ, როგორც უარყოფითი (დამანგრეველი) და დადებითი (შემქმნელი). უარყოფითი ადამიანური კაპიტალი არის დაგროვილი ადამიანური კაპიტალის ნაწილი, რომელიც არ იძლევა რაიმე სასარგებლო უკუგებას ინვესტიცაზე: გამოუსწორებელი დამნაშავე, დაქირავებული მკვლელი - ეს დაკარგული ინვესტიციაა ოჯახისა და საზოგადოებისთვის. დადებითი ადამიანური კაპიტალი განისაზღვრება, როგორც დაგროვილი ადამიანური კაპიტალი, რომელიც ინვესტიციებისგან სასარგებლო უკუგებას უზრუნველყოფს. იგი ინერციული საწარმოო ფაქტორია, უკუგებას გარკვეული დროის შემდეგ იძლევა. P.S. ყოველი ქვეყანა, რომელიც მიზნად ისახავს ცივილიზებული, ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძვნებული სამოქალაქო საზოგადოება შექმნას, მიზნის მისაღწევად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მაქსიმალურად მეტი ინვესტიციები ჩადოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, საიდანაც ფიზიკურ კაპიტალთან შედარებით უკუგება მნიშვნელოვნად მაღალია. ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნია (ტრადიციულად ოჯახები შვილების კარგი განათლების მისაღებად ძალ-ღონეს არ იშურებენ). საჭიროა აღზრდის, განათლების, მეცნიერად ჩამოყალიბების პროცესის სწორად დაგეგმვა და დროში გაწერილი სტრატეგიის რეალიზაცია. ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე განსაკუთრებული ზრუნვა საშური საქმეა.
მერაბ ჯულაყიძე ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
|